როდესაც გადაწყვეტილებებზეა საუბარი, ნებისმიერი „ქართული ოცნების“ წევრი ორ წინადადებას ამბობს. პირველი, რომ აღნიშნული შეთანხმება ერთობლივად იქნა მიღებული და მეორე – თუმცა საბოლოო პასუხი ბიძინა ივანიშვილმა თქვა. ასე იყო ნებისმიერი მაჟორიტარობის კანდიდატის შემთხვევაშიც. მაგალითად, თინა ხიდაშელმა ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, მაჟორიტარობისთვის ვერც კი მოიცალოს ბევრი საქმის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებას ხიდაშელის მაჟორიტარობაზე ვეტო დაადოს. ასე გადაწყდა სუბარის საკითხიც. ოფიციალურად ამბობს, რომ პოლიტიკურ მდივანს არ ეცლება საკუთარი თავის გასაპიარებლად. რეალურად კი ეს ოლიგარქის სურვილი იყო და არაფერ შუაშია „მოუცლელობა“.
სოზარ სუბარი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი:
– მე არ ვიქნები მაჟორიტარი, სავარაუდოდ, არც ერთ ოლქში. მე ვარ პოლიტიკური მდივანი ახლად შექმნილი პარტიისა, რომელიც პრაქტიკულად ახლა ყალიბდება და შესაბამისად, ძალიან ბევრი საქმეა. იგივე მაჟორიტარებს დასჭირდებათ დახმარება ყველა რაიონში. პარტია პრაქტიკულად ახლა შენდება და შესაბამისად, ძალიან რთული იქნება. მით უმეტეს, კენჭს იყრის პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანიც რომ დასახელდეს მაჟორიტარად და მეც მხოლოდ საკუთარ უბანზე გადავერთო, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს პარტიის მშენებლობაზე.
– არჩევნების შემდეგ რა მოვალეობა დაგეკისრებათ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ პარლამენტსგარეთ უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მუშაობა?
– არჩევნების შემდეგაც იგივეს გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ეს არის მცდელობა, ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც იქნება დემოკრატია, სადაც იქნება კანონის უზენაესობა და სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ის, რომ არ ვსახელდები მაჟორიტარად, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიქნები პარლამენტში. რა თქმა უნდა, ვაპირებ, ვიყო პარლამენტში.
– ეს საკუთარი გადაწყვეტილებაა, თუ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი?
– ეს არის ბატონ ბიძინასთან შეთანხმებული გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა, ვყოფილიყავი მაჟორიტარი, უფრო სწორად, მკითხა, მქონდა თუ არა სურვილი, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც თქვა, რომ ისედაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი და თავად გადაწყვიტეო. მე გადავწყვიტე, რომ არ ვყოფილიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი. როგორც ადრე ეძახდნენ – თავისუფალი „ფორვარდი“, იყო ასეთი ფუნქცია. მეც ასე ვიქნები.
– მაჟორიტარების ყველაზე მცირე რაოდენობა რესპუბლიკელებიდან დასახელდა...
– სამი კანდიდატი სულ არ არის ცოტა.
– ხომ არ გაქვთ რაიმე ტიპის კონსულტაციები ლევან გაჩეჩილაძესთან, თქვენ ბევრჯერ იყავით ადრე ერთად?
– არა, არანაირი. ერთად რომ ვიყავით ადრე, ეს ერთი საკითხია, ახლა არის, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობები. ეს შენარჩუნებულია, თუმცა პოლიტიკური კვეთა არ არის. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის მიზანია, მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს. ეს ზოგადი თემაა და მნიშვნელოვანი, რადგან მთავარი არის არა რომელიმე კონკრეტული ძალის გამარჯვება, არამედ სამართლიანი არჩევნები. და ვინც გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში, ლევანმაც კარგად იცის, მეც და მთელმა ქართველმა საზოგადოებამაც. მთავარია, ხელისუფლებას არ მივცეთ გაყალბების საშუალება.
– ანუ დარწმუნებულები ხართ, რომ გაიმარჯვებთ და შესაბამისად, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და გამარჯვებულები თქვენ არ აღმოჩნდებით, ქუჩაში გახვალთ?
– ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ ქუჩაში გავალთ. თუმცა მანიფესტაციით პროტესტის გამოხატვის ფორმა ხალხის კონსტიტუციური უფლებაა. ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. თუ საჭირო გახდება, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, დაიცვან საკუთარი გაყალბებული ხმები.
– არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ენდობით?
– ჩვენ ვენდობით ყველა კვლევას, ყველა შედეგს, რომელიც გამჭვირვალედ ტარდება. ჩვენ ვენდობით არა მარტო ჩამტარებელ ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ გამოკითხვებში. ჩვენ ვენდობით ყველას, ვისი მეთოდოლოგიაც გამჭვირვალეა, ღიაა და ზუსტად გვეცოდინება, ვისთან თანამშრომლობს. NDI-სა და IRI-საც ვენდობი, თუ გამჭვირვალეს გახდიან და ერთ კონკრეტულ ადგილობრივ ორგანიზაციაზე არ იქნებიან ჩამოკიდებულები.
– კოალიციას მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ოპოზიციური ერთობების დიდი გამოცდილება გაქვთ, თან არის მოლოდინი, რომ ნინო ბურჯანაძეც, ადრე თუ გვიან, ივანიშვილთან გამოჩნდება...
– ამ მხრივ, ყველაფერი გარკვეულია. დიდი კოალიცია უკვე შექმნილია. თუმცა დიდი კოალიცია ამავდროულად არ ნიშნავს აბსოლუტურად ყველა ძალის ერთობას. „ქართული ოცნება“ არის კოალიცია, რომელშიც ყველა ტიპის პარტიაა წარმოდგენილი, ვისაც მეტ-ნაკლებად გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე, უაღრესად ლიბერალურით დაწყებული, კონსერვატიულით დამთავრებული, ოდნავ ცენტრისტულიც.