უცნობი დედოფლის საგანძური
გაგრძელება, დასაწყისი #164
ამ დროს კოტემ თავი წამოსწია და თვალები დააკვესა. ჯეჯიმ კი კუდი ამოიძუა და საცოდავად დაიწკავწკავა, ხოლო ხალხში, რომელიც შესასვლელისკენ მიემართებოდა, ჩოჩქოლი ატყდა. ისინი თითქოს უხილავ კედელს წააწყდნენო, ეკლესიის ეზოში ვერ შედიოდნენ!
– რა ხდება, ვინ ჩაკეტა ჭიშკარი? – ყვიროდნენ უკან მდგომნი.
– ჭიშკარი ღიაა, მაგრამ მაინც ვერ შევდივართ... – ისმოდა შეშფოთებული ხმები. პანიკა მატულობდა და მალე ეკლესიაშიც შეაღწევდა. უცებ სალის ლოცვა გაახსენდა, რომელიც გლახამ ასწავლა და თან გააფრთხილა: „ეკლესიაში შესვლის წინ წარმოთქვიო!“ სალიმაც წაიჩურჩულა: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო!“
უეცრად ხალხმა იხუვლა და მოვარდნილ ტალღასავით შეიჭრა ეზოში. კოტე კი კვლავ მოცელილივით დაეცა და ამჯერად მისი მიმხედავი აღარავინ იყო ჯეჯის გარდა, რომელიც ერთხანს გაკვირვებული შესცქეროდა გაშოტილ მეტოქეს, მერე ფრთხილად მიუახლოვდა და კარგახანს ყნოსავდა, ბოლოს კი გულმოცემულმა, „ახლა კი ვიძიებ შურს დილანდელი დაკაწვრისთვისო!“– მწარედ უკბინა ფეხზე. კბენამ კოტე გონს მოიყვანა, მაგრამ ის სრულიადაც არ ჩანდა ჯეჯის მადლიერი. პირიქით, ისე ავად შეჰფრუტუნა, რომ ეს უკანასკნელი კუდამოძუებული გაშორდა, თან უკან-უკან იცქირებოდა, თითქოს უკვირდა, ყველა გიჟს მე როგორ უნდა გადავეყაროო?“
კოტეს მისთვის აღარ ეცალა – გაჭირვებით წამოდგა და ბარბაცით გაჰყვა სალის ნაკვალევს. სალი ამ დროს ხატებს ათვალიერებდა, რომელსაც დიდთვალება, შავკაბიანი ქალი ყიდდა. მას განსაკუთრებით მოეწონა ერთი ხატი.
– ეს წმინდა კვიპრიანე კართაგენელია. – უთხრა გამყიდველმა.
სალის ზუსტად იმდენი ფული აღმოაჩნდა, რამდენიც ხატი ღირდა და ფრთხილად შეინახა გულის ფორმის დიდ ჯიბეში.
– ქალბატონო, – საიდანღაც ეძგერა თაკო, – თუ გგონია, რომ შენი მოსამსახურეები ვართ და ვალდებულები ვართ, გიცადოთ, ძალიან ცდები...
სალიმ მიუგო, – წადით, მარტო უკეთ ვგრძნობ თავს და წირვის დამთავრებისას მანქანასთან მოვალო...
– თუ ასეა, იჩანჩალე მარტომ... – მიაძახა თაკომ და გაიქცა.
სალიმ უეცრად მისკენ მომავალი კოტე შენიშნა, ხელში აიყვანა და უსაყვედურა: რატომ მიატოვე შენი ადგილიო?
მაგრამ, კოტე მას არ უსმენდა და დაჟინებით იცქირებოდა ერთ მხარეს. სალიმ თვალი გააყოლა და კინაღამ შეჰყვირა – მისგან ოციოდე ნაბიჯის მოშორებით გლახა იდგა! უცებ წინ ხალხი ჩამოეფარა... სალი ხან აქეთ ეცა, ხან – იქით, მაგრამ გლახა აღარსად ჩანდა, თითქოს ცამ ჩაყლაპაო. ბოლოს, დაღლილ-დაქანცულმა სალიმ აღმოაჩინა, რომ თავი ტრიალ ველზე ამოეყო... დაღონებული დაჯდა ბალახზე და კოტეს უთხრა:
– ალბათ, კატად მოგიწევს დაბერება, რადგან გლახას პოვნის იმედი აღარ მაქვს და რომც ვიპოვო, არა მგონია, შემირიგდეს!
ამ დროს ნაცნობი ხმა გაისმა:
– ნამდვილად არ შეგირიგდები, თუ მაგ შენს ახირებულ ადვოკატობას თავს არ დაანებებ!
სალის თავზე გლახა წამოსდგომოდა და კუშტად შესცქეროდა. გოგონა ფეხზე წამოიჭრა და ცრემლმორეული მოეხვია. ოღონდ გლახა შერიგებოდა და სალი მზად იყო, ლომის დაღებულ ხახაში შეეყო თავი თუ არა, ფეხი მაინც, მაგრამ, როცა გაიაზრა, რას მოითხოვდა ის, შეყოყმანდა...
– ყოველთვის ყველაფერს დაგიჯერებ, – უთხრა ბოლოს, – ოღონდ ახლა კოტეს გაჭირვებაში ნუ მიატოვებ... ბებია პელაგიას ხომ უშველე? კოტემ რაღა დააშავა? ბებია პელაგიამ მითხრა, სულ გადავყარე გამხმარი ობობები და ვირის ტვინიო! კოტეც ასე მოიქცევა, აი, ნახავ, ოღონდ, ახლა უშველე! იცი, როგორ უჭირს? თან, სულ ავიწყდება კატა რომაა... ამას წინათ გვანცა თმის სამაგრს ეძებდა და კოტემ მიუტანა, საწერი მაგიდის უკან ყოფილა ჩავარდნილი. დედას კი ხან ყვავილს მიუტანს ხოლმე და ხან – სუნამოს, რომელსაც ანოს ჰპარავს... ცოდო არაა?! განა შენ არ მითხარი, რომ სანამ ადამიანი ცოცხალია, გადარჩენა ყოველთვის შეუძლია და ამაში ჩვენც უნდა მივეშველოთო?
გლახა შუბლშეკრული უსმენდა. ნელ-ნელა სახე გაეხსნა და ბოლოს მთლად გაებადრა.
– ვაღიარებ, რომ შენგან კარგი ადვოკატი დადგება, – უთხრა სალის, – კეთილი, რაკი ასეა, წავიდეთ ერთ დიდ მამასთან შველის სათხოვნელად. შენ კი აქ დაგვიცადე, – მიუბრუნდა კოტეს, – იქ, სადაც მივდივართ, შენისთანებს არ მიესვლებათ...
ცოტა ხანში გლახა და სალი ფერად-ფერადი ყვავილებით მორთულ ველზე აღმოჩნდნენ. ირგვლივ, დიდრონი პეპლები დაფარფატებდნენ. სხვა დროს სალი უეჭველად დაედევნებოდა, მაგრამ, ახლა მათთვის არ სცალოდა. აქოშინებული მისდევდა გლახას, რომელიც ფართო ნაბიჯებით მიაბოტებდა და რაღაცას ბუტბუტებდა. სალიმ სმენა დაძაბა და ძლივს გაარჩია სიტყვები: „ტყუილად კი არაა ნათქვამი: „სიბერემდე სიქაჩლეო...“ რას ვიფიქრებდი, თუ ჯადოქრების საშველად მომიწევდა სირბილი!“
– გლახა, კოტე ხომ კეთილი ჯადოქარია? – გლახას დამშვიდება სცადა სალიმ.
– რაო, რა თქვი? – შემობრუნდა გლახა, – კეთილი ჯადოქარიაო? ამიხსენი ერთი, რას გულისხმობ „კეთილში“?
– ჩემს უფროს დებს სხვადასხვა ჟურნალები მოაქვთ ხოლმე. ჰოდა, იქ წავიკითხე, რომ კეთილი ჯადოქრები ადამიანებს ეხმარებიან, ავადმყოფობისგან კურნავენ, თუ რაიმე ხიფათი ელოდებათ, აფრთხილებენ, ჯადოსგან ათავისუფლებენ, ბოროტი ჯადოქრების თავდასხმისგან იცავენო... ჰოდა, განა ადამიანების დახმარება ცუდია? – აუხსნა სალიმაც.
– დაიხსომე, – მკაცრად წარმოთქვა გლახამ, – ყოველი ჯადოქრობა ეშმაკისგან მომდინარეობს! მაცხოვარი და მოციქულები ეშმაკს მაშინაც კი უბრძანებდნენ დადუმებას, როცა ის სიმართლეს ლაპარაკობდა... ერთხელ პავლე მოციქულს და მის მოწაფეს ჯადოქარი აედევნა, რომელიც გაიძახოდა: „ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გვაუწყებენ ხსნის გზებსო“! ხომ სიმართლე იყო? მაგრამ პავლე მოციქული განრისხებული მიუბრუნდა დემონს, რომელიც ქალის პირით მეტყველებდა და მიმართა: „უფლის სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან!“ და ისიც მაშინვე დაიკარგა... ამ შემთხვევაში, დემონი სიმართლეს ამბობდა, მაგრამ მოციქულმა არ მიიღო ის, რადგან დემონი ტყუილუბრალოდ არასდროს ირჯება... თუ იგი კაცს სიმართლეს აუწყებს, ან, ვითომდა, „სნეულებისგან მოარჩენს“, ან ვითომდა, „ჯადოსგან გაათავისუფლებს“, ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავი მეგობრად მოაჩვენოს, ნდობა მოიპოვოს და საბოლოოდ ყველაზე მთავარი განძი – სული წასცინცლოს... გასაგებია?!
გლახა პასუხს არ დალოდებია, შებრუნდა და უწინდებურზე ჩქარი ნაბიჯით გააგრძელა გზა. მათ წინ მოულოდნელად აღიმართა ოქროსფრად მოელვარე ჭიშკარი, რომელიც თავად გაიხსნა. სალი და გლახა ულამაზესი სასახლის წინ აღმოჩნდნენ. ირგვლივ ტკბილი გალობა ისმოდა, თუმცა, სალიმ ვერ გაარკვია, ხმა საიდან მოდიოდა. უცხო ფერებისა და სურნელების მქონე ყვავილები კი ისე ირწეოდნენ გალობაზე, თითქოს ცეკვავენო.
– ეს ყვავილები, ასე რომ მოგეწონა, არასდროს ჭკნებიან, – უთხრა გლახამ, – არც გალობა წყდება არასოდეს... ხოლო სასახლე ალმასით, ლალით, ზურმუხტით, იაგუნდით და ძოწითაა აგებული.
სალის უნდოდა ეკითხა, „ვინაა სასახლის პატრონი, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაციაო...“ – მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან მათკენ ნათელი სახის, ელვარესამოსიანი მამაკაცი გამოემართა. სალის შეეშინდა, „გლახას ძონძებს რომ დაინახავს, მათხოვრები ვეგონებით და აქედან კინწისკვრით გაგვყრისო!“ მაგრამ, მისდა გასაკვირად, კაცმა დაჩოქილ გლახას სიყვარულით მოხვია ხელი, წამოაყენა და გულში ჩაიკრა.
– ვიცი, ჩემო კეთილო, რასაც შეუწუხებიხარ, – უთხრა გლახას, – თუმცაღა, ახლანდელი სათხოვარი წინანდელზე გაცილებით მძიმეა, მაგრამ, რაკი აქამდე მოხვედით, მოწყალე უფალი საშველსაც გაგვიმხელს...
შემდეგ ალერსიანად გადახედა სალის და თავზე ხელი დაადო.
– კეთილი გოგონა ხარ... – უთხრა ღიმილით, – მიიღე ჩემგან მცირეოდენი საჩუქარი, არასდროს მოიხსნა და განსაცდელი ვერაფერს დაგაკლებს.
მან სალის ალმასით მოოჭვილი ჯვარი გაუწოდა. გოგონამ დიდი მადლობა გადაუხადა, ჯვარს ემთხვია და ძეწკვზე ჩამოიკიდა. ამის შემდეგ მასპინძელმა ილოცა და როცა დაასრულა, დინჯად წარმოთქვა:
– კოტემ კი, თუ უფლის შემორიგება უნდა, კეთილი ინებოს და მისთვის თავი გასწიროს, ხოლო როგორ და როდის, ამას თავად მიხვდება.
დამშვიდობებისას მასპინძელმა გლახას მტკაველის სიგრძე ოქროსფრად მოელვარე სანთელი გადასცა და უთხრა: ჩემო მეგობარო, შენს გამოქვაბულში აანთე, რათა მუდამ გაანათოს შენი მფარველი დედა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი!
– ვინ იყო, გლახა? – ჰკითხა სალიმ, როცა მათ წინ ოქროსფერი ჭიშკარი დაიხურა.
– ბევრის ცოდნა დაგაბერებს, – მოუჭრა გლახამ, მერე გაექანა და პატარა ბუჩქს გადაახტა.
– შენც სცადე, – დაუძახა სალის, – თუ გადაახტები, დედა კუს მოგიყვან, პატარა კუებთან ერთად, თუ ვერა და – შენ მაჩუქებ ფილა შოკოლადს.
სალი სულ იოლად გადაახტა ბუჩქს.
– ვაჰ, წავაგე... – ეწყინა გლახას, – რა გაეწყობა, ერთგან დედა კუ მეგულება და თუ წასული არ დამხვდა თავის დაქალებთან პიკნიკზე, ხვალვე მოგიყვან.
სალი ჩაფიქრდა.
– გლახა, შეიძლება რაღაც გკითხო?
– თუ ძალიან რთული არაა, კი ბატონო, – მიუგო მან, – ოღონდ, წინასწარ გაფრთხილებ, კვანტური ფიზიკისა არაფერი გამეგება...
– არა, – დაამშვიდა სალიმ, – ოღონდ არ გამიბრაზდე...
– შევეცდები, – დაჰპირდა გლახა.
– ის, ვისზეც უნდა გკითხო, ჯადოქარი არაა, – უთხრა სალიმ, – ჩვეულებრივი მუსიკის მასწავლებელია, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს. ჰოდა, ერთხელ სიზმარში სამკურნალო ბალახები ასწავლეს და მას შემდეგ ავადმყოფებს მკურნალობს. ჩვენი მეზობელი მართა ბებო რევმატიზმისგან მოარჩინა, გურამა ძია კი გულის ავადმყოფობისგან განკურნა. ასე ამბობს, ჩემთან მოსულების წარსულსაც ვხედავ და მომავალსაცო. შუბლზე და სხეულზე ჯვრები ესახება, ჰოდა, თვითონაც სჯერა, რომ ყველაფერი ეს ღმერთისგანაა! მამა კი ამბობს, – ღმერთისგან კი არა, ეშმაკისგანააო! მინდოდა მეკითხა, რომელია მართალი?..
გლახა მიწაზე იჯდა და ბალახის ღეროს ღეჭვა დაიწყო.
– მამაშენი ჭკვიანი კაცია... – უთხრა ბოლოს, – ყური მიგდე: წარმოიდგინე ადამიანი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა შიმშილში, წყურვილში, ყინვაში, სიცხეში, საკუთარ ცოდვებზე ტირილში, შეურაცხყოფის დათმენაში, მღვიძარებაში, განუწყვეტელ ლოცვაში და ამ ღვაწლისთვის უფალმა გულთამხილავობისა და კურნების ნიჭი მიმადლა...
– დედა ხშირად გვიყვება ხოლმე ასეთ ადამიანებზე, – თქვა სალიმ.
– ძალიან კარგი, – უთხრა გლახამ, – ახლა წარმოიდგინე შენი ნაცნობი მუსიკის მასწავლებელი, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ ღამით, მორიგი ტელესერიალის ცქერის შემდეგ, ტკბილად დაიძინა და უცაბედად კურნებისა და მომავლის ჭვრეტის ნიჭი ებოძა... როგორ ფიქრობ, ასეთი უსამართლოა უფალი?
სალის შერცხვა, ამას თავად რატომ ვერ მივხვდიო!
გზა მდუმარედ გააგრძელეს და სალის გასაკვირად, ძალიან მალე აღმოჩნდნენ იქ, სადაც კოტე დატოვეს, ხოლო, შემდეგ პირდაპირ ეკლესიის ეზოში ამოჰყვეს თავი. წირვა დასრულებულიყო და ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მიემართებოდა გასასვლელისკენ.
– ჭკუით იყავი! – წასჩურჩულა გლახამ და გასცილდა. იმავ წამს გოგონამ მისკენ გამოქცეული ნუკა და თაკო დაინახა, რომელთაც მამა მოჰყვებოდა.
– ამ ორიოდე წლის წინათ მთაში წავედი სანადიროდ, – უთხრა მოახლოებისას მამამ, – გზა დამებნა და კინაღამ გავიყინე... ბედად, ერთი თმაწვერმოშვებული, ფეხშიშველა კაცი შემომხვდა და სამშვიდობოს გამიყვანა. სოფელში რომ ჩამოვაღწიე, მითხრეს, ზემოთ, ყინულოვან მწვერვალზე ერთი სალოსი განდეგილი ცხოვრობს და ის გადაგარჩენდაო! თურმე, განდეგილი ძალზე იშვიათად გამოდის გამოქვაბულიდან და მილოცავდნენ, – გაგიმართლაო... ჰოდა, საკვირველად ჰგავდა იმ კაცს, შენ გვერდით რომ დავინახე!
სალიმ მოუყრუა და ჯიბეში რაღაცას დაუწყო ძებნა. ხელში დილით ნაყიდი ხატი მოხვდა... დახედა თუ არა, მასში ის ელვარესამოსიანი, ნათელი სახის კაცი ამოიცნო, რომელმაც ალმასის ჯვარი აჩუქა!