Share on facebook

მარინა კახიანის ცხოვრების სკანდალური დეტალები

Monday, 04 April 2011 00:00 დეა თავბერიძე
Print PDF

გია მატარაძეს საკუთარ რომანებზე ფილმები რომ გადაეღო, ალბათ, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი იქნებოდა. მის ცხოვრებაში ხომ სამი საბედისწერო ქალი იყო – სამივე ცნობილი და ძლიერი. 
მსახიობ ლია კაპანაძეთან მას პირველი სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა. და მაშინ, როცა გია პირველ სერიოზულ სიყვარულს შეხვდა, სუხიშვილების მოცეკვავეს – ზაირა ბასილაშვილს და მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, ლიამ გიას შვილი გაუჩინა. თუმცა, საყვარელი ადამიანის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო. მოგვიანებით კი გია ისევ საბედისწერო არჩევანის წინაშე დადგა. უკვე ასაკში შესულმა რეჟისორმა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტ მარინა კახიანთან გააბა რომანი. და ის იძულებული გახდა, ზაირა მიეტოვებინა – მარინა ფეხმძიმედ იყო...
სამივეს გია მატარაძისადმი სიყვარული აერთიანებს და  აშორებს კიდეც. ახლა თითოეული მათგანი გიასთან ურთიერთობას განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს. თუმცა, თითოეულის საუბარში მაინც იგრძნობა ქალური ეჭვიანობა და კონკურენტისადმი ფარული შუღლი.


ლია  კაპანაძე, მსახიობი:
– მე რუსთაველის თეატრში ახალი მისული ვიყავი, ის პირველ კურსზე სწავლობდა. გია ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მერე თეატრიდან სახლამდე მიმაცილეს. გავიდა რამდენიმე ხანი და ვხედავ, ეს ახალგაზრდა ისევ თეატრალურ ინსტიტუტთან დგას. მე ის არც კი მახსოვდა. სახლში თუ მიდიხართ, გაგაცილებთო. გამაცილა, რასაც კიდევ ბევრი გაცილება მოჰყვა. მერე სულ ერთად დავდიოდით კინოში, მეგობრებთან, ვიცოდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით... ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. მერე ორსულად დავრჩი... სწორედ ამ პერიოდში მოსკოვში, საკავშირო ყრილობაზე დელეგატად გამიშვეს. იქ ძალიან ლამაზი ჩეხური ფეხსაცმელი ვუყიდე, გახარებული ვბრუნდებოდი უკან... მატარებელში კი ერთმა თელაველმა ბიჭმა თქვა: გიამ სუხიშვილების მოცეკვავე უნდა შეირთოს ცოლადო, გავშრი, არ ველოდი. გავიფიქრე: როგორ,  სულ ერთად ვართ-მეთქი. შევხვდი თუ არა, ეს ამბავი ვუთხარი. ვინ მოიგონა ეს სისულელეო... ამოვისუნთქე... ბოლოს კი მართლა ის გოგო შეირთო ცოლად. მე ორსულად ვიყავი. ყველამ იცოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთ სპექტაკლში ვთამაშობდით. როდესაც აკაკი ხორავას უთხრეს, ბავშვს აჩენსო, მითხრა: „მალაჩინა დევოჩკა“...
– ორსულობის შესახებ მისთვის არაფერი გითქვამთ?
– როგორ არა, ორსულად დავრჩი თუ არა, შევხვდი და ვკითხე, როგორ მოვიქცე-მეთქი. ახლაც მახსოვს, ალექსანდროვის ბაღში ვისხედით. რას ამბობ, ჩვენი შვილი უნდა გაჩნდესო... მაგრამ მერე, როდესაც იმ გოგოსთან დაიწყო ურთიერთობა,  დაიკარგა, იმალებოდა. ერთხელაც, დავიბარე და ისევ ვკითხე, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე-მეთქი. თუ გინდა, შეგირთავ ცოლადო. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო... კარგად იყავი-მეთქი...  ასე დავცილდით ერთმანეთს... მერე ქეთიც გაჩნდა. ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, სახლის მეპატრონემ დაგვატოვებინა. მოხუცი დედა, მე და პატარა ბავშვი უსახლკაროდ დავრჩით. პატარა ოთახი ვიქირავეთ... არც ერთ ქალს არა აქვს ის დღე გადატანილი, რაც მე გადავიტანე. ღამით ბავშვის საწოლზე ვიყავი გადაფარებული, რადგან ოთახში ვირთხები დარბოდნენ. თვითონაც მოვიდა და ნახა, რა პირობებში ვცხოვრობდი...
– და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე?
–  ყველაფერი ჩემს კისერზე გადავიტანე... სამი წლის იყო ქეთი, როცა ისევ შევხვდი და ვკითხე, ბავშვს დაბადების მოწმობა უნდა ავუღო და გვარს თუ მისცემ-მეთქი. ჩემს ცოლს ვთხოვ, ამის უფლება მომცესო. კარგად იყავი-მეთქი. ამის მერე არანაირი კონტაქტი აღარ მქონია...
– მაგრამ, როგორც მითხრეს, დროთა განმავლობაში მამა-შვილი დაახლოვდნენ...
– ეს იყო ძალიან რთული მომენტი ქეთის ცხოვრებაში. მე სულ ვეუბნებოდი. მამაშენი აქ არ არის-მეთქი. ერთხელაც ის გამოჩნდა: მამაშენი ვარო. ისტერიკაში ჩავარდა ქეთი. თუმცა მერე ნელ-ნელა შეეჩვია. როდესაც ტექნიკუმში, ნიკოლაძეში აბარებდა. მამამისს უნდოდა. გვარი მიეცა, მაგრამ ქეთინომ უარი თქვა: თუ თავის დროზე მომცემდა, ჰო, მაგრამ ახლა რად მინდა გვარი, როდესაც ყველა ქეთი კაპანაძედ მიცნობსო. როცა მარინა შეირთო ცოლად, ქეთინო მარინას დაუმეგობრდა. ლოგინად რომ ჩავარდა გია და საავადმყოფოში იწვა, ქეთინო და მარინა თავზე ადგნენ.
– როცა მარინა კახიანის ამბავი გაიგეთ, რა რეაქცია გქონდათ?
– ერთ მსახიობთან ვმეგობრობდი. იქ ერთი ქალბატონი მოდიოდა, 5 წლის გოგონასთან ერთად. ძალიან კაპრიზული ბავშვი იყო... მერე ეს 5 წლის ბავშვი აღმოჩნდა სწორედ გიას ცოლი. მარინას დედასთან ძალიან კარგად ვიყავი, მან ჩემი ისტორია გიასთან დაკავშირებით ძალიან კარგად იცოდა... მარინასთან გასაყოფი არც არასოდეს არაფერი მქონია.
– როცა ქეთინო წამოიზარდა, მაშინ თუ ეხმარებოდა გია?
– გიამ გადაიღო 7 ნოველა. ქეთინო კოსტიუმის მხატვრად აიყვანა. ამის შემდეგ ქეთინოს სულ ასაქმებდა ხოლმე, მეც მეძახდა ფილმებზე.
– ე. ი. ურთიერთობა გქონდათ?
– კი, ჩვენ ბავშვი გვაკავშირებდა, რასაც ვერც გია გაექცეოდა და ვერც მე. ახლა ძალიან ინტიმურ რაღაცას მოგიყვებით. ერთხელ თეატრიდან  მოვდივარ. ზემელზე გია დავინახე. მთვრალი იყო. მოვიდა, ჩამეხუტა, მანქანა გააჩერა და მთხოვა: წამოდი, რა, ჩემთან ერთადო. ის გოგო გასტროლებზე იყო. მე დიღომში ვცხოვრობდი, თითქმის ჩემს სახლთან მივედით და გავიფიქრე – ამ გოგოს როგორ არ უნდა  გავუკეთო ეს-მეთქი და ვუთხარი: წამოდი, შენთან წავიდეთ-მეთქი. ის ღამე ერთად გავატარეთ. მერე, როცა სუხიშვილებში ლაპარაკობდნენ, გიას სიგიჟემდე უყვარს ზაირაო, მე ვთქვი: თუ ასე სიგიჟემდე უყვარს, ჩემთან რაღა უნდოდა-მეთქი. ეს ამბავი ზაირას მიუტანეს. მერე გიამ მისაყვედურა, რატომ თქვიო. მეთქი, იმან სულ წამართვა შენი თავი და ერთი ღამე „პადუმაეშ“...
ქეთინო რომ გავაჩინე, 28 წლის ვიყავი, გიაზე 4 წლით უფროსი. მაგრამ გია ისეთი მამაკაცური იყო, რომ მე მასთან „გოგოშკა“ ვიყავი. ძალიან რთული იყო იმ პერიოდში ასე შვილის გაჩენა. ბევრს არ ესმოდა ჩემი სიყვარულის. მე ეს გამორჩენისთვის  არ გამიკეთებია. გია მართლა ძალიან მიყვარდა... როდესაც ცოლი შეირთო, მაშინ ვთქვი: ღმერთო, თუკი სადმე რამე არსებობს, ის გოგო ისე დაისაჯოს, ბავშვი არ ეყოლოს-მეთქი. წინ გადამიდგა... ის ქალი მართლაც უშვილო აღმოჩნდა. ქეთინო ნამდვილად სიყვარულის ნაყოფია. გიასაც ძალიან ვუყვარდი. ის გოგო ძალით შერთეს.
ის გოგო, რომლის სახელი და გავრიც ლიამ, ალბათ, შეგნებულად არ ახსენა, გიას პირველი ცოლი – ზაირა ბასილაშვილია. 23 წელი სუხიშვილებში ცეკვავდა. ახლა სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში ასწავლის.

ზაირა ბასილაშვილი, გია მატარაძის პირველი ცოლი:
– გია არაჩვეულებრივი მეუღლე იყო, არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ვიყავით, არასოდეს გვიჩხუბია. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. გაცნობიდან განშორების დღემდე, 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მაგრამ შვილი არ გვყავდა. ეტყობა, საბოლოო ჯამში, ამან გადაწყვიტა მისი სახლიდან წასვლა. ძალიან გამიჭირდა. კარგია, თუ უფრო მეტ სიმართლეს იტყვის მარინა. თუმცა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ახლა მყავს არაჩვეულებრივი ქმარი და ბედნიერი ვარ.
– ქალბატონმა მარინამ მითხრა, რომ წერილიც გაგიგზავნიათ გიასთვის: ეს გოგო თუ ღირს ჩვენი ოჯახის დანგრევადო...
– მე? არა, არ გამიგზავნია. არასოდეს არ მიცდია, დავლაპარაკებოდი. პირიქით, თვითონ იყო ნაწყენი, თავს რომ ვარიდებდი. რადგან წავიდა, ე.ი. შეუყვარდა, აბა, ისე რატომ წავიდოდა? ჩვენ კარგი ცოლ-ქმარი ვიყავით…
– მერე თუ გინახავთ? ან გასვენებაში თუ მიხვედით?
– არა,  რატომ უნდა მენახა? არც გასვენებაში ვყოფილვარ...
– ქალმა უნდა იბრძოლოს თუ არა იმ ადამიანის შესანარჩუნებლად, რომელიც უყვარს? არ გინდოდათ, ქმარი შეგენარჩუნებინათ?
– გიასთვის რომ მეთქვა, უშენოდ არ შემიძლია და არ წახვიდე-მეთქი, არ წავიდოდა. სამი წელი ლამის მოვკვდი. მეუბნებოდნენ, მარინას გია ლანგარზე მიართვიო… გიასაც უჭირდა წასვლა, წავიდოდა, მოვიდოდა, მერე იტყოდა – ხუთშაბათს გადავწყვეტო, ვერ მიდიოდა. ერთხელ დარეკა, მოსვლა უნდოდა. მე ვუთხარი: გადაწყვიტე, ან წადი ან დარჩი-მეთქი. ეს საშინელება იყო... ღამეებს ტირილში ვატარებდი. დილით კი ვცდილობდი, მხნედ ვყოფილიყავი. არავის არ უნდა ეთქვა – საწყალი ზაირა...  მშვიდად დავშორდით ერთმანეთს, გადაკოცნით წავიდა... ბევრი საინტერესო რამის მოყოლა შემიძლია, მაგრამ რა საჭიროა? ის ხომ წარსულია. მე მაქვს შესანიშნავი აწმყო. მყავს არაჩვეულებრივი ქმარი.
– მგონი, მალევე გათხოვდით...
–  სამ წელში. ღმერთმა გადმომხედა და შემხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ გიზო დოლიძის მეუღლე ვარ. 27 წელია უკვე ერთად ვართ…
– ისიც ვიცი, რომ სანამ გიას ცხოვრებაში თქვენ გამოჩნდებოდით, იყო ლია კაპანაძე…
– კი, იყო ლია, რომელმაც შვილი მაშინ გააჩინა, როდესაც ჩვენ შეყვარებულები ვიყავით.
– ქალბატონმა ლიამ მითხრა, რომ ის თქვენ დააშორეთ გიას.
– ყველა იმდენ ტყუილს ლაპარაკობს რომ… ილაპარაკონ… მე ლიასთვის ცხოვრება ნამდვილად არ დამინგრევია. ლია ფილარმონიაში მოვიდა, მნახა და გიას უთხრა: შენი საცოლე არ მომეწონაო. ის გაბრაზდა, რაღაც თავისებურები უთხრა კახურად და ამის შემდეგ არ უნახავს. მაგრამ ჩვენ არ დაგვიცილებია, ყველა მსახიობმა იცის ამის შესახებ...
– ლიამ მითხრა, საშინლად ვცხოვრობდი და გია ბავშვს ყურადღებას არ აქცევდაო...
– მართალი რომ გითხრათ, გიასთვის არაფერი უკითხავს. როცა გიამ შეუთვალა, რას აკეთებო, რა შენი საქმეა, მე ასე მინდა და შენ არავინ გეკითხებაო... ლაპარაკობდნენ კიდეც, რატომ არ ეხმარება გია ბავშვსო. მახსოვს, ერთ-ერთი მსახიობის დედამ თქვა: როგორ უნდა დაეხმაროს, როცა არანაირი საშუალება და ხელფასი არ გააჩნია, გამოდის, ზაირა უნდა დაეხმაროსო. გიას არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. როცა ცოლად გავყევი, სტუდენტი იყო, მერე რუსთაველში ხელფასის გარეშე მუშაობდა, მერე კაპიკებს უხდიდნენ, მარჯანიშვილშიც უხელფასოდ იყო… როდესაც ბიჭებმა ჰკითხეს: ბავშვს რატომ არ ეხმარებიო. გიამ თქვა: ქეთის დედას ისეთი ენა აქვს, ზაირას გამიგიჟებსო... ქეთი თავიდან მართლა ვერ მივიღე. 6 თუ 7 წელი მართლა არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ეს ყველას ტრავმა იყო. რაღაც ბავშვური ჩემი შეცდომები, დედამისის შეცდომებიც... ქეთი არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიან ჰგავს გიას. მერე სიყვარულიც დამებადა. ქეთი  ჩემი ტკივილია, ყოველგვარი თამაშის გარეშე...
ყველაფერზე საუბარი არ მინდა, მაშინ უნდა დავჯდე და სხვაზე ვიჭორაო, რაც ჩემს ხასიათში არ ჯდება… ყველამ თავისი სიმართლე იცის... ორივემ მნახა და ორივეს აწუხებდა ერთი რამ. დამშორდება თუ არა გია... ყველას თავისი სიმართლე აქვს თავის გულში. მეც ჩემი სიმართლე მაქვს და, ალბათ, ყველაფერს ვერ ვიტყვი. 
– გია ეჭვიანი ქმარი იყო?
– ნორმალურად.
– თქვენ?
– მქონდა საეჭვიანო, უყვარდა განსაკუთრებული ხარისხის ქალები. როდესაც გასტროლებიდან ჩამოვდიოდი, სიურპრიზები მხვდებოდა, მაგრამ მარინასთან იმიტომ წავიდა, რომ უყვარდა.
– უყვარდა, რას ნიშნავს? თქვენ არ უყვარდით?
– სხვათა შორის, ერთხელ მითხრა: ბაირონს ერთდროულად ორი ქალი უყვარდაო... მოდი, ვიტყვი სიმართლეს, რომ მიდიოდა, ასე მითხრა: 6 თვეში შვილი გამიჩნდებაო...
– ანუ გია რომ წავიდა, მარინა უკვე ფეხმძიმედ იყო?
– გიამ ასე თქვა
ასე რომ, მარინა კახიანის სიყვარული სკანდალით დაიწყო. ის 20 წლის სტუდენტი იყო, გია 18 წლით უფროსი ლექტორი. მათ ერთად 12 წელი იცხოვრეს... გიას პირველი ცოლის სახელით მოხსენიება მარინასაც უჭირს.
მარინა კახიანი, გია მატარაძის მეორე ცოლი:
– მეოთხე კურსზე ვიყავი, ჩვენი ჯგუფი ბატონმა რობიკომ აიყვანა. ჯგუფის აყვანიდან რამდენიმე ხანში მას რაღაც პერიოდი სპექტაკლის დასადგმელად ლონდონში წასვლა მოუწია, რობიკო გიამ შეცვალა, როგორც პედაგოგმა... პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ ჩემ მიმართ რაღაც გრძნობები გაუჩნდა. შემდეგ უკვე ძალიან მალე განვითარდა მოვლენები. მაშინ  20 წლის ვიყავი. ძალიან ლამაზ რაღაცებს აკეთებდა ჩემთვის. ყვავილების მორთმევაც კი სხვანაირად, განსაკუთრებულად იცოდა. მახსოვს, ახალ წელს თავის მშობლებთან წავიდა თელავში, პირველ იანვარს ჩვენი ჯგუფი და ბატონი რობიკო ერთად ვხვდებოდით. უცებ, ღამის პირველ საათზე, კარი გაიღო და შემოვიდა გაცისკროვნებული და ბედნიერი, ყვავილებით. ბატონმა რობიკომ მაშინ თქვა: მშურს მამაკაცების, რომლებსაც ასეთი დიდი სიყვარული და ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათო... გიას ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი ჰქონია, მე კი ეს ბოლომდე არ ვიცოდი... იქიდან მანქანით წამომიყვანა, გავისეირნოთო... გავიფიქრე, ნეტავ, გათოვდებოდეს-მეთქი. ავუყევით ოქროყანის სერპანტინს. ჰოდა, როცა ოქროყანაში შევდიოდით, უცებ თოვლი წამოვიდა. ცხოვრებაში ასეთი დამთხვევები ხშირად არ ხდება. მანქანაში ლამაზი მუსიკა, ორი შეყვარებული ადამიანი და გარეთ ლამაზი თოვლი... ეს იყო ძალიან რომანტიკული და ძალიან ლამაზი წუთები, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდა.
– პირველად მაშინ გაკოცათ?
– დიახ, ასე იყო... მაგრამ ახლა დეტალებზე საუბარი არ მსურს. ეს ამაღლებული ურთიერთობა იყო.
– რამდენ ხანში გაჰყევით ცოლად?
– ძალიან მალე მოხდა ეს... თუმცა რაღაც პერიოდი დავცილდით, უფრო სწორად გადავწყვიტეთ... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაინც მქონდა განცდის მომენტი, რომ ჩვენს დიდ სიყვარულს ვიღაცებისთვის ტკივილი უნდა მოეტანა და ცხოვრება შეეცვალა. ამიტომ გადავწყვიტეთ რაღაც პერიოდით დაცილება, ვთქვით – თუ ეს მართლა ის დიდი გრძნობაა, მაშინ ბრძოლაც საჭირო აღარ არის... მაგრამ ამან მხოლოდ ერთი დღე გასტანა...  სასტუმრო „თბილისში“ იყო ჩვენი საყვარელი კაფე, ძალიან ხშირად ვისხედით იქ. იმ დღესაც იქ ვიყავი. გიამ გამოიარა, დამინახა, შემოვიდა და მითხრა: მომენატრე, არ შემიძლიაო... ასე დამთავრდა პაუზა... ძალიან ბევრია გასახსენებელი...  თეატრი ლონდონში მიდიოდა გასტროლზე, გიაც მიჰყვებოდა, ფილმი უნდა გადაეღო. ეს იყო ერთ-ერთი ტრიუმფალური გასტროლი, როცა „რიჩარდ მესამე“-თი დაიპყრეს ლონდონის მაყურებელი... მე და ჩემი მეგობრები ვაცილებდით. თეატრის მსახიობები მაშინ კარგად არ მიცნობდნენ, მერე ისინი იხსენებდნენ... მე კარგად არც მესმოდა, თურმე, როცა მატარებელი დაიძრა, გია ხმამაღლა ყვიროდა – მიყვარხაააარ.
–  გიას ცოლს თქვენი ნახვის სურვილი  არ გასჩენია?
– არა, მე არ ვიცნობდი მას. ნახვით კი მინახავს, ძალიან სიმპათიური ქალბატონი იყო.
– თქვენი ურთიერთობის შესახებ ცოლს როგორ უთხრა?
– ასე დეტალურად აღარ მახსოვს, როგორ მოხდა ეს ამბავი. ერთი რამ მახსოვს, როცა გია ჩემთან იყო, ცოლმა წერილი გამოუგზავნა, ერთი ფრაზა კარგად დამამახსოვრდა – თუ ღირს ის გოგო ჩვენი ოჯახის დანგრევად, არაფერს ვამბობო...
– ხომ იყო ეს ურთიერთობა ფარული?
– ვერ გეტყვით, რომ ფარული იყო. გია ლონდონიდან რომ ჩამოვიდა... ეს იყო თებერვლის ბოლო... მაშინ წამოვიდა ოჯახიდან. უბრალოდ, ოფიციალურად არ ჰქონდა მიღებული განქორწინება, თუმცა, მაშინვე შემომთავაზა რომ მასთან გადავსულიყავი. მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. ეს ხდებოდა 30 წლის წინათ, მაშინ ცოტა სხვანაირად იყო, ვიდრე ახლაა. ჩვენ მერე დავქორწინდით, როცა გიამ განქორწინება მიიღო. იცით, გიას გვერდით მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი თავს, ეს არ არის ცოტა ქალისთვის.  ყველაფერში ვენდობოდი, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება. ეს ადამიანი ჩემს მიმართ მართლა რაღაც იდეალური იყო. იტყვიან ხოლმე, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მერე ლეგენდად რჩებაო და თვითონ ადამიანები ალამაზებენო. არ არის მართალი, მართლა არ ვალამაზებ. სიკვდილის წინაც მითხრა: შენსავით არასდროს არავინ  მყვარებიაო. მეც იგივეს ვიტყვი...    
– თქვენი შვილი მამას თუ ჰგავს ხასიათით?
– კი, ძალიან ჰგავს. ხასიათითაც და ფიზიკურადაც. ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ გიას და ვათას შემთხვევით შეხვდებიან, ხვდებიან, რომ ეს არის გია მატარაძის შვილი. ძალიან ბევრი თვისებით ჰგავს და ძალიან მიხარია... ვათა 12 წლის იყო, გია რომ გარდაიცვალა. მე და ვათა მეგობრები ვართ... თუმცა დედობასაც ვავლენ. ასეც ხდება. რთულია ბიჭის აღზრდა, მამაკაცის გარეშე. მით უმეტეს, იმ პერიოდში, როცა ადამიანში მამაკაცი, პიროვნება ყალიბდება. ცუდი პერიოდი იყო, მიწევდა დედობა, სიმკაცრე, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს, რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ არც ძალიან რბილი ვყოფილიყავი, არც ზედმეტად მკაცრი. ახლა, ალბათ, უფრო გამიჭირდებოდა. რაღაცნაირად მოვახერხე და... ვათა კარგი ადამიანია ნამდვილად, ეს, ალბათ, გენეტიკიდან გამომდინარე.
– შვილიშვილს ბაბუის სახელი ვინ დაარქვა და როგორ გრძნობთ თავს ბებიის ამპლუაში?
– გადასარევად. პატარა გია ორწლინახევრისაა, ძალიან საყვარელია. ჩემს შვილიშვილს ძალიან უხარია და დიდ სიყვარულს გამოხატავს, როცა მასთან მივდივარ. სახელის შერჩევა თავისთავად მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ჩემი რძლის დამსახურებაა. რაც ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა.
– ახლა არის  მამაკაცი თქვენ გვერდით?
– კაცების მეტი რა არის. ცხოვრება ჯერ კიდევ წინაა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა გინდათ, რომ მათქმევინოთ? მყავდა თაყვანისმცემლები და მყავს კიდეც, ჯერჯერობით არ ვარ ბებერი, მგონი.

Add comment


Security code
Refresh